ხათუნა ხაბულიანმა 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 2008-2014 წლებში გაიარა ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტურა პოსტ-ტოტალიტარული ქვეყნების ხელოვნებისა და ქართული სახელოვნებო სივრცის ტრანსფორმაციის თემაზე.
არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტის ავტორი და თანამონაწილე. 2009 წელს იყო ქართული პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე. არის საერთაშორისო ორგანიზაციების – ICOM-ის, CIMAM-ისა და AICA-ს წევრი. საერთაშორისო საგრანტო პროგრამების საფუძველზე კვლევით მივლინებაში იმყოფებოდა ფრიბურგის უნივერსიტეტში და CIMAM-ის კონფერენციაზე დოჰაში. თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოურ გამოცემებთან, კითხულობს სალექციო კურსებს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს თანამედროვე ხელოვნების ისტორიასა და თეორიას, კრიტიკას, ხელოვნების ფილოსოფიას და კურატორულ საქმიანობას.