ირმა კირთაძემ 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია ფსიქიატრის კვალიფიკაციით, შემდეგ კი ერაზმუსისა და ამსტერდამის უნივერსიტეტებში შეისწავლა საზოგადოებრივი ჯანდაცვა და წამალდამოკიდებულების კვლევის მეთოდები. 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის ხარისხი.
აქვს ნივთიერებებზე დამოკიდებულების დარგში კლინიკური, ეპიდემიოლოგიური და ქცევითი კვლევების მრავალწლიანი გამოცდილება და ოცდაათზე მეტი პუბლიკაციის ავტორი ან თანაავტორია. მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო პრიზი — მათ შორის ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციისა და ჯანმოს ჯილდოები. არის კანაფის გლობალური კვლევის კონსორციუმის მკვლევარი.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს წამალდამოკიდებულების პრევენციასა და მკურნალობის ინტერვენციების ეფექტიანობას გენდერულ ჭრილში, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკების შესწავლასა და სამედიცინო კანაფის გამოყენებას.