გიორგი მაისურაძემ 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, სადაც სწავლის პარალელურად გაცვლითი პროგრამით ზაარლანდის უნივერსიტეტში შეისწავლა ძველი აღმოსავლეთის ისტორია, რელიგიათმცოდნეობა და ფილოსოფია. 2009 წელს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში, რასაც წინ უძღოდა DAAD-ის კვლევითი სტიპენდია ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის და შემდეგ ისტორია-ეთნოლოგიის ინსტიტუტებში, ხოლო 2008-2013 წლებში — ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრში. 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია და ამავე უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.