1979 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 1987 წელს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქართული ფილმების სახვითი გადაწყვეტის თემაზე. 1993-94 წლებში დიდროს სტიპენდიით პარიზის „ადამიანის ინსტიტუტში” მუშაობდა კინოს ენისა და ფილმის აღქმის საკითხებზე.
1981 წლიდან პედაგოგად მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში. პარალელურად აქტიურად არის ჩართული მედიაში — 1995 წლიდან „რადიო თავისუფლებაში” კულტურის მიმომხილველია, სხვადასხვა დროს ავტორობდა და წარმართავდა გადაცემებს სახელმწიფო ტელევიზიაზე და „რუსთავი 2″-ზე. ლექციები წაუკითხავს კონსტანცის, სორბონის და კლერმონფერანის უნივერსიტეტებში.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს კინოს ენასა და ფილმის აღქმის თავისებურებებს, ფილმის სახვით გადაწყვეტასა და ცენზურის ისტორიას კინოში.